კოკო შანელი ამბობდა:“ოცი წლის ასაკში გაქვს კანი, რომლითაც ბუნებამ დაგაჯილდოვა, ორმოცდაათი წლისას კი – კანი, რომელსაც იმსახურებ.“
ყველამ კარგად ვიცით, რომ სახის ნიღბები კანისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, ზოგჯერ კი გვახსენდება, მაგრამ გვეზარება ნიღბების დამზადება. მიუხედავად ამისა, მე დღეს შემოგთავაზებთ სამი ნიღბის რეცეპტს, რომლებიც დიდი ხანია, მოვიძიე და სხვა ნიღბებთან შედარებით უმარტივესი დასამზადებელია. ზამთრის ცივი ამინდები კანს ძალიან აშრობს, ამიტომ საჭიროა მისი გამოკვება და დატენიანება. მაშ ასე, დავიწყოთ:
ნიღაბი #1: თაფლი და ზეითუნის ზეთი
საჭიროა:
2ს/კ თაფლი და 1ს/კ ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი:
თაფლი და ზეითუნის ზეთი ერთმანეთს ძალიან კარგად შევურიოთ და შევათბოთ ჰაერღუმელში 20 წამის განმავლობაში. მიღებული მასა შევამოწმოთ, რომ ძალიან ცხელი არ იყოს და შემდეგ სახეზე თანაბრად გავინაწილოთ (სასურველია ფუნჯით). გავიჩეროთ 5 წუთით და ჩამოვიბანოთ.
შედეგი:
ამ ნიღაბს დამატენიანებელი ფუნქცია აქვს და ყველა ტიპის სახის კანს უხდება.
ინტენსივობა:
მის გამოყენებას კვირაში 2-ჯერ გირჩევთ.
ნიღაბი #2: თაფლი და დარიჩინი
საჭიროა:
3ს/კ თაფლი და 1ს/კ დარიჩინი.
მომზადების წესი:
ავურიოთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში და 30 წამით შევდგათ ჰაერღუმელში. მიღებული მასა გამდნარ შოკოლადს უნდა ჰგავდეს. წაისვით ნიღაბი სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
შედეგი:
ეს ნიღაბი საუკეთესოა, თუ თქვენ სტრესისგან და გადაღლილობისგან სახეზე გამონაყარი გაგიჩნდათ. თაფლს დამატენიანებელთან ერთად ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, რაც აკნეს განკურნებაში დაგეხმარებათ, დარიჩინი კი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა.
თუ ქავილის ან წვის შეგრძნება დაგეწყოთ, ე.ი დარიჩინზე ალერგია გაქვთ, ასე რომ სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ნიღაბი.
ნიღაბი #3: იოგურტი და წითელი ღვინო
საჭიროა:
2ს/კ იოგურტი და 2ს/კ წითელი ღვინო.
მომზადების წესი:
აურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთში და მიღებული მასა ფუნჯით კარგად გაინაწილეთ სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
შედეგი:
ღვინო დაბერების საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა, იოგურტი კი სიცივისგან გამომშრალ კანს ატენიანებს.
ინტენსივობა:
ეს ნიღაბი კვირაში ორჯერ გამოიყენეთ.
No comments:
Post a Comment