Monday, December 23, 2013

უმანკოების მუზეუმი

შედიხარ მუზეუმში. გამოფენილია პირადი ნივთები, სრულიად უმნიშვნელოც. ყველა ექსპონატი შესვლისთანავე ჩანს. ერთ-ერთი განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას, პიჟამოები აცვია და დადის. კაცია. აქაურობის პატრონ-მფლობელი. სახეზე აწერია, რომ უყვარს. აკვიატებულად. უნდა, რომ ეს სხვებაც შეამჩნიონ და ექსპონატების ნახვისას დამთვალიერებელმა დროის შეგრძნება დაკარგოს. ეს ადგილიც მისი სიყვარულის ისტორიას ყვება, ემოციურად და თურქი ადამიანების ცხოვრებას გაჩვენებს – ფამუქის “უმანკოების მუზეუმში” ხარ.
ვიდრე მუზეუმის იდეა გაჩნდება, იქამდე მთელი რვა წელია, რომელიც არ მესმის. ქემალი ფუსუნს სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში ხვდებოდა პირდაპირი მნიშვნელობით. მიდიოდა მათ სახლში უყურებდა ტელევიზორს, ხანდახან შეხედავდა, ისიც იშვიათად გაუღიმებდა და ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში. სინამდვილეში სიუჟეტი ასეთი მოსაწყენი სულაც არ არის. საქმე იმაშია, რომ ქემალს საცოლე ჰყავდა, რომელსაც ფუსუნის გამო მიატოვა, მაგრამ ამასობაში ფუსუნი გათხოვდება და ეს 8 წელი სწორედ ქმართან გაშორებამდე პერიოდია. თუმცა ყველაფერი არც ისე ლოგიკურად სრულდება.
ცხოვრების საუკეთესო მომენტის გახსენება უდიდეს ტკივილსაც მოგვანიჭებს, რადგანაც კიდევ ერთხელ შევეჯახებით რეალობას, რომ ის წარსულს ჩაბარდა და აღარასოდეს განმეორდება.
ამდენი დრო დაახარჯო მხოლოდ ერთი ადამიანს იმ იმედით, რომ ოდესმე შენთან ურთიერთობა მოუნდება, სისულელე მგონია. ვერ ვიტან უპრინციპო ხალხს, სულ მიკვირს ხოლმე როგორ მიყვებიან ცოლად ადამიანს, როდესაც სინამდვილეში სხვა უყვართ. ყველაფერს კიდევ თურქეთი და იქაური მენტალიტეტი ართულებს. ისევე როგორც სხვა ნაწარმოებებში, ფამუქი აქაც ხაზგასმით აკრიტიკეებს იქაურ ზოგიერთ ტრადიციას და დამოკიდებულებას სხვდასხვა საკითხის მიმართ.
როცა ქემალს მამა გარდაეცვლება, ადამიანები ცნობისმოყვარეობის გამო მიდიან და არა მისასამძიმრებლად. ჭირისუფალს ეუბნებიან ფრაზას, რომელიც მაკვირვებს - აქეთ ვიყავი და შემოგიარეო.
როცა ყველაფერი მთავრდება ქემალს ახალი აკვიატება აქვს – შეაგროვოს ფუსუნთან დაკავშირებული ნივთები
აუცილებელია ჩვენს სიყვარულთან დაკავშირებით ყველაფრის მოგროვება, თუნდაც ამისათვის მუზეუმი კი არა, სახლიც არ გვქონდეს.
ფუსუნის სახლს მუზეუმად აქცევს და გამოფენს ყველა ნივთს.  რომ ნაწარმოები საკმაოდ დიდია, დაახლოებით 700 გვერდამდეა და შიგადაშიგ ცოტა გაწელილიც გეჩვენება, თუმცა დასრულების შემდეგ ხვდები, რომღირდა  ამდენ ფურცლად.
აქამდე არასდროს მიფიქრია მუზეუმში რა იდეით შევდიოდი ხოლმე. მართალია საქართველოს გარდა არსად სხვა ქვეყნის მუზეუმში არ ვოყიფილვარ, მაგრამ პარალელის გასავლებად გამოდგება. ფამუქმა მუზეუმები სხვა კუთხით მაჩვენა

ორჰან ფამუქი
საუკეთესოდ შექმნილი მუზეუმები იმიტომ კი არ გვედება მალამოდ, რომ ძველ ნივთებს ვხედავთ არამედ იმიტომ რომ ისინი დროის შეგრძნებას გვაკარგვინებენ. მუზეუმები დასათვალირებლად კი არა, განსაცდელად და შესაგრძნობლად იქმნება
ჰოდა თურქმა ხალხმა თავის მუზეუმებში დასავლეთის ტილოების მიბაძვით შექმნილი ნახატები კი არა საკუთარი ცხოვრება უნდა დაათვალიერონო. სახლ-მუზეუმები კიდევ იმათ ცხოვრებაში უნდა გახედებდეს, ვისი სახელობისაცაა. მათ სულს უნდა გძნობდე და ფანტაზიაც დაუსრულებლად წავა მაშინ რა იყო და როგორ.
ფამუქს ერთი ჩვევა აქვს, მის ნაწარმოებს რომ ამთავრებ, სასიამოვნო შეგრძნება გრჩება იმის მიუხედავად ერთიანად ჩაიკითხე თუ სვენებ-სვენებით.

No comments:

Post a Comment